,,ნიქაბი და ბურკი არ უნდა აიკრძალოს"–მუფტი იასინ ალიევი


     სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის, იასინ ალიევის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" არ უნდა მოხდეს ნიქაბისა და ბურკის აკრძალვა, თუმცა შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია სახის დაფარვაზე.

     ჟურნალისტებთან საუბარში იასინ ალიევი „პატრიოტთა ალიანსის" წევრის ემზარ კვიციანის მიერ მომზადებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუსლიმები პროტესტით ეგუებიან იმას, რომ ისლამსა და ტერორიზმს ერთმანეთს ადარებენ.

     „კანონპროექტში იყო, ჩადრი, ნიქაბი და ბურკი. პროტესტი გვქონდა, რადგან ჩადრი მუსლიმანური სამოსელია და ეს ინიციატორებმა ამოიღეს. საკითხი დავაყენეთ, რომ სახისა და ხელის დაფარვა არ არის ისლამური ჩაცმულობის ერთ-ერთი ფორმა, წეს-ჩვეულება. ტანი და თავი უნდა იყოს დაფარული და არა, სახე და ხელები. ამიტომ, მუსლიმი ქალბატონების უფლებების დარღვევასთან საქმე არ გვაქვს, რადგან ეს არ არის მუსლიმური წესი. სახის დაფარვა არის კონკრეტული ერებისა და ქვეყნების ტრადიციული სამოსი, აქ მუსლიმებს უფლება არ შეეზღუდებათ. ინიციატივა გვქონდა, რომ არ იყოს კანონი ნიქაბისა და ბურკის თაობაზე, არამედ სახის დაფარვაზე იყოს, რაც გენდერული ნიშნითაც არ იქნება შეზღუდული და არც რელიგიური ნიშნით. თუ ბურკი და ნიქაბი იქნება ნახსენები, ეს ისლამთან არის დაკავშირებული. სახის დაფარვის აკრძალვის მომხრე ვართ, მაგრამ არა – ბურკის", – განაცხადა მუფტმა.

     კანონპროექტზე ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ, რომლის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/mufti-iasin-alievi-niqabisa-da-burkis-akrdzalva-ar-unda-mokhdes-tumca-shezghudvebis-daweseba-shesadzlebelia-sakhis-dafarvaze/