,,ავტობუსის სპეციალურ ზოლებზე კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან, დამონტაჟდეს კამერები"– კალაძე


    თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

    მისი თქმით ავტობუსის ზოლები განკუთვნილია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ავტობუსის სპეციალურ ზოლებზე კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა.
 
     კალაძის განმარტებით, ეს სწორი არ არის და ამ საკითხზე მაქსიმალურად უნდა გამახვილდეს ყურადღება, საჭიროების შემთხვევაში, დამონტაჟდება ვიდეოკამერები.
   
     „შემთხვევით არ არის, რომ ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები გვაქვს განკუთვნილი ე.წ bus line-ები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული ქალაქში. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ვეცდებით,  საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება. ხშირია შემთხვევა, როცა ავტობუსის სპეციალურ ზოლებზე კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა", – განაცხადა კახა კალაძემ.

    „მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, საპატრულო პოლიციასთან გვქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა, მათი მხრიდან არის სრული მზაობა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი, არის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რომ ვინც დაარღვევს, დაჯარიმდეს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის შექმნილი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ეს ყველაფერი მალე მოწესრიგდეს", – განაცხადა კახა კალაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно