,,ძმა მომიკლეს და ახლა გვამიც დამიპატიმრეს!" - დათო ახლოურმა ტატუნაშვილს ლექსი მიუძღვნა


     პოეტმა დათო ახლოურმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს ლექსი მიუძღვნა. პოეტი ლექსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
 
 
არჩილ!

ისევ მაგონებს საქართველო
წარსულის აჩრდილს,
პასუხს ვეღარ ვცემ გადამთიელს,
დედა ნატირებს...
ქსანი დამშრალა,
დაწრეტილა არაგვი არჩილ...
ძმა მომიკლეს და
ახლა გვამიც დამიპატიმრეს!

დაცინვა გინდა?
დაცინვაა თანაც როგორი...
მხოლოდ ლხინში ვარ 
ქართველი და
მხოლოდ ნადიმში...
არ იკადრებდა არცა სპარსი,
არცა მონღოლი,
ძმად მიღებული
რასაც მკადრებს 
ჯაყოს ბადიში...

სულს მიგინებენ
ნაცემსა და
ათასჯერ დაჭრილს,
მეტი რა გზაა,
„მშვიდად" ვისმენ
რუსულ გაკვეთილს...
რით ვანუგეშო მამაშენი,
არ ვიცი, არჩილ!
დედას რა ვუთხრა, 
შვილმკვდარსა და 
სასოწარკვეთილს!
ან ვინ გაუმხელს
შენს არ ყოფნას 
ქსანზე გაზაფხულს,
შენ, ჩემო ძმაო,
ნაწამებო ქართლის იარავ,
ვეღარ ვიშორებ
ამ ოხერ ცრემლს
თვალზე განაბულს,
შენმა სიკვდილმა
გრიგალივით
გადამიარა!

მაინც ვიბრძოლებ...
ვერ მოვირგებ 
სკვითურ აკვარელს,
არ მოუხდება საქართველოს
ნიღაბი ლაჩრის...
ჩვენ ყანჩავეთში უნდა გავყვეთ
შანშეს ნაკვალევს,
ჩვენ დავიბრუნებთ ახალგორს და
სიცოცხლეს, არჩილ!

დათო ახლოური
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно