2018 წლის 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, სრულად დააკმაყოფილა 33 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, კომპენსაციის სახით, მოსარჩელეების მიმართ, ერთჯერადად 3000 ლარის გაცემასთან დაკავშირებით, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წლის 10 აპრილს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების სახით 3000 ლარის გაცემის თაობაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მინიჭებული „დაზარალებულის" სტატუსის მიუხედავად, მოსარჩელე პირებზე, დახმარების გაცემა არ მომხდარა. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნით, უშედეგოდ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა მათ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.
მოპასუხეთა განმარტებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოძიებული იქნა ფინანსური ხარჯები. ამასთან, დაზარალებულთა სიების დაზუსტების მიზნით, მათივე დავალებით კერძო კომპანიებმა წარადგინეს იმ პირთა სიები, რომლებიც დაზარალებულებთან სამართლებრივ ურთიერთობაში იყვნენ. დაზუსტებულ სიებში ვერ მოხვდნენ მოსარჩელეები, ვინაიდან კერძო კომპანიებს მათ შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და დაავალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემა, თითოეულის სასარგებლოდ 3000 ლარის ოდენობით.