კრიპტოვალუტების რეგულირების შესწავლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკს გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის (BaFin) წარმომადგენელი ჯენს მუენზერი ეწვია. შეხვედრაში, რომლის მთავარი მიზანი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საზედამხედველო გამოცდილების გაზიარება იყო მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI), კერძო სექტორის, კომერციული ბანკების, საბროკერო, აუდიტორული და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.
კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორც მოპოვება, ისე ვაჭრობა, მზარდია მსოფლიო მასშტაბით და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას და კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. მას ახასიათებს ფასების მაღალი მერყეობა, რის გამოც დიდია იმის ალბათობა, რომ მომხმარებლებმა ფინანსურად იზარალონ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვირტუალური ვალუტის ინდუსტრია საწყისი განვითარების ფაზაშია. მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო თუ საზედამხედველო ჩარჩო ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია და, უმეტეს შემთხვევაში, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის წარმომადგენელისთვის დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური განმარტებები კრიპტოვალუტის რეგულირებასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო საკითხზე.