,,ნარკომომხმარებლების ციხეში ჩასმა არის არაეფექტური"-პაველ ბემი


     საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წარმომადგენლებს: კომისარ მიშელ კაზაჩკინსა და კომისარ პაველ ბემს შეხვდა. 

     შეხვედრაზე ქვეყნის ნარკოპოლიტიკისა და ნარკოკანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისა და კანონმდებლობის ჰუმანიზაციაზე გამახვილდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

     შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძე, რომლის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია საქართველოს მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულებებით დაეხმარება.

     „დასკვნით ფაზაშია ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დისკუსია და განხილვა პარლამენტში. ვგეგმავთ, რომ აღნიშნული კანონმდებლობა ამ სესიის ბოლომდე მივიღოთ და სწორედ დასკვნით ფაზაზე გვეწვივნენ გლობალური ნარკოპოლიტიკის კომისიის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში შედიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ყოფილი ხელმძღვანელები და საერთაშორისო მასშტაბის მოღვაწეები, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ ნარკოპოლიტიკის შემუშავებაში როგორც ეროვნული ასევე, საერთაშორისო მასშტაბით.

     ვისაუბრეთ საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, ასევე, ვისაუბრეთ ზოგად ტენდენციებზე. ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, იმიტომ, რომ მხოლოდ რეპრესიულმა მეთოდებმა არ გაამართლა. გლობალური კომისიის ძირითადი ფუნქცია არის მტკიცებულებებით დახმარება იმ ქვეყნების, სადაც მიმდინარეობს დებატი ანალოგიურ საკითხებზე, დახმარება ისეთი მტკიცებულებებით, რომლებიც მეცნიერულად არის დასაბუთებული. 

     სწორედ ეს ფუნქცია გააჩნია გლობალურ კომისიას, რომ დამოუკიდებელი შეხედულება შემოგვთავაზოს და დაგვეხმაროს, როგორც ამ დებატის ბოლომდე დასრულებაში, თავად კანონპროექტის ცალკეული ნორმების დასრულებაში, რომელსაც გავიტანთ პლენარულ სხდომაზე, ასევე, მომავალში, დაგვეხმაროს განხორციელებული რეფორმის შეფასებაში", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

     შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა კომისარმა პაველ ბემმა, რომელმაც დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

     „საქართველოში ვიმყოფებით საპარლამენტო მოძრაობის მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას და ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას. ამის მიზეზია, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა, რაც, ასევე, იცავს მთელ საზოგადოებას. ასევე, მეორე მიზეზი ისაა, რომ ნარკომომხმარებლების ციხეში ჩასმა არის არაეფექტური. ნარკოტიკების მოხმარების აკრძალვა და კრიმინალიზაცია არ გამოდგა წარმატებული და ჩვენ გვაქვს დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერი უამრავი მეცნიერული მტკიცებულება. ასევე, არის მესამე მიზეზი - ვიმედოვნებ, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრი, ხოლო ევროკავშირი ახლა არის ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისა და ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის პროცესში, რითიც, ის, პირველ ადგილზე ადამიანის უფლებებსა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას აყენებს", - აღნიშნა პაველ ბემმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно