ჯანდაცვის მინისტრი დავით სეგეენკო პრეპარატ „ვალსარტანის" შემცველი მედიკამენტების მიმღებ პაციენტებს ურჩევს აღნიშნული წამლის მიღება არ შეწყვიტონ, რადგან თუ დანიშნული აქვთ პრეპარატი აუცილებლად სჭირდებათ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პაციენტებმა უნდა ნახონ ჩამონათვალი, „ვალსარტანის" შემცველ რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა, არა ამ სიაში მყოფი იგივე დოზირების, იგივე „ვალსარტანის" მედიკამენტებით.
„საკუთრივ „ვალსარტანზე"კითხვა არასდროს არავის გასჩენია. მეორე საკითხია, რომ შესაბამისი სამსახურები ევროპასა და ამერიკაში ყოველწლიურად ატარებენ ამა თუ იმ მედიკამენტის მონიტორინგს, ლაბორატორიულ ანალიზს, რადგან უსაფრთხო და კარგი ნივთიერება სხვადასხვა მწარმოებლის ხელში შეიძლება, ისე კარგად წარმოებული არ იყოს და რისკები შექმნას. დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ ნივთიერება „ვალსარტანზე" გაუჩნდათ კითხვები. 2012 წლიდან დღემდე ჩაატარეს კვლევა და ამ მინარევების „ვალსარტანმა" რომ პოტენციურად ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს, ამისთვის ადამიანმა 7 წლის განმავლობაში ორმაგი თერაპიული დოზა უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, 5 ათასი პირიდან ერთს დაემართოს ონკოლოგიური დაავადება", – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურიდან რეკომენდაცია 2 აგვისტოს იქნა მიღებული და დაუყოვნებლივ გავრცელდა.
„მოსახლეობას, ვინც იღებს „ვალსარტანის" შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ საკუთრივ დანიშნულება არ შეწყვიტონ. რახან სვამენ, ესე იგი, სჭირდებათ. უბრალოდ, ნახონ ჩამონათვალი, „ვალსარტანის" შემცველ რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა, არა ამ სიაში მყოფი იგივე დოზირების, იგივე „ვალსარტანის" მედიკამენტებით, რომელიც ბაზარზე საკმაოდ არის. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე იმ „ვალსარტანის" შემცველ პრეპარატებს, რომლის მიმართაც კითხვა გაჩნდა, მესამედზე ნაკლები უჭირავს", – განაცხადა მინისტრმა.