„იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში იყო საქართველოს საუკეთესო მეგობარი"- ბესელია


     იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

     მხარეებმა ისაუბრეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე და მომავალ თანამშრომლობაზე.

     ეკა ბესელიამ იანოშ ჰერმანს მადლობა გადაუხადა ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.

    „ევროკავშირის ელჩი ასრულებს თავის მისიას საქართველოში. ეს იყო ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა და შესაძლებლობა გვქონდა გაგვეანალიზებინა ბოლო ოთხწლიანი პერიოდის საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა", - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

    მისივე თქმით, იანოშ ჰერმანის ელჩობის პერიოდში, ევროკავშირმა საქართველოში არაერთი ფასდაუდებელი პროექტი განახორციელა.

    „ელჩს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე მისი მეგობრული, მართლაც თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, იმ შრომისთვის და ფასდაუდებელი პროექტებისთვის, რომელიც ევროკავშირმა განახორციელა საქართველოს მხარდასაჭერად დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების რეფორმების განხორციელების პროცესში. იანოშ ჰერმანის ელჩობის პერიოდში, ევროკავშირმა მართლაც ძალიან დიდი რესურსი გაიღო საქართველოს სწრაფი ინტეგრაციისთვის ევროკავშირში", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

     ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული დიდი პროექტები შეეხებოდა არა მარტო მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას, არამედ ინფრასტრუქტურას, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს, განათლებას და სხვა მიმართულებებს.

     იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, განსაკუთრებით გამოყო ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის პირადი დამოკიდებულება საქართველოსადმი.

     „მე მას ვუწოდე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობარი. მთელი ეს წლები ძალიან კორექტულად, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ის ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ყველა მისი შეფასება იყო ძალიან ობიექტური და ქვეყნის დახმარებისკენ მიმართული. ამიტომ მე მართლაც ვიტყოდი, რომ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ელჩი ვისაც კი მე ვიცნობ პირადად და ვისთანაც მქონია მუშაობის შესაძლებლობა. ამიტომ, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატე, მათ შორის იმისთვის, რაც მან გააკეთა პარლამენტის, სასამართლო რეფორმის თუ დემოკრატიის კუთხით მხარდაჭერისთვის. გარდა იმისა, რომ ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების მხარდამჭერი და განმახორციელებელია, პერსონალურად იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში იყო საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно