,,ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მზადება 27 ოქტომბრისთვის, რათა განმეორდეს 2020 წლის სცენარი, როდესაც „ენჯეოების“ და ოპოზიციის ერთობლივი ქმედებებით იყო არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამაზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების პარტიული გააქტიურება და ფაქტი, რომ ოპოზიციას საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად არ ჩაუტარებია.
„მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ხვალ ყველა მოვიდეს არჩევნებზე და ამ ღალატის სცენარს უარი უთხრას. ჩვენი მთავარი ძალა სიმრავლეშია. ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ და ამით მხარი დაუჭიროს იმ მშვიდობიან განვითარებას, რომელიც ჩვენ უზრუნველვყავით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი გვექაჩებოდა ქვეყნის ნგრევისკენ, ამ მხრივ ერთი სანტიმეტრი არ დავთმეთ, ამიტომაც შევინარჩუნეთ როგორც მშვიდობა, ისე ეკონომიკური ზრდა, რომლითაც დღეს ვართ პირველები მთელ ევროპაში. მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2029 წლის ჩათვლით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა ევროპაში ეკონომიკური ზრდის ტემპით. სინამდვილეში ამას უნდათ, რომ დაარტყან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.