„ქართულ ოცნებაში“ ნურავის ექნება ილუზია, რომ ვინმე ხელს ჩამოუშვებს, გამარჯვებული არის ქართული ოპოზიცია - მელია


     „ქართულ ოცნებაში“ ნურავის ექნება ილუზია, რომ ვინმე ხელს ჩამოუშვებს, გამარჯვებული არის ქართული ოპოზიცია – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

     მელიას თქმით, გამარჯვებული არის ქართული ოპოზიცია, რომელსაც მხარს უჭერს ქართული საზოგადოება.

     „გასაგებია, რომ ქვეყანაში არჩევანი მოპარულია. მოპარულია მომავლის არჩევანი, ევროპული არჩევანი, განვითარებული არჩევანი. ცხადზე უცხადესია, რომ ამასთან შეგუებას არავინ აპირებს. ქვეყანა, თბილისი, რა თქმა უნდა ვერ იცხოვრებს ჩვეულებისამებრ, ისე როგორც ცხოვრობდა თუნდაც 26 ოქტომბრამდე.

     ქართულმა დემოკრატიულმა ოპოზიციურმა ძალებმა ამ არჩევნებზე გაიმარჯვეს, როგორ არასასიამოვნოდაც არ უნდა ჭრიდეს ყურს „ქართულ ოცნებას“ ეს სიმართლე. ამიტომ, გამარჯვება დარჩება და დაუბრუნდება ქართველ ხალხს. გარდაუვალია, ყველა ღონისძიება იქნება ჩატარებული და ყველა ნაბიჯი გატარებული, რა ღონისძიებების გატარება და ნაბიჯების გადადგმაც დასჭირდება ამ მიზნის მიღწევას. კარგია, რომ კონსოლიდირებული აზრია საზოგადოებაში, საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა და ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია თანხმდება, რომ ახლა ბევრი რამ უნდა გადავდოთ მარცხნივ, მარჯვნივ და ვიყოთ ხალხთან ერთად.

     თბილისში მომდევნო დღეებში ყოველდღიურად გაიმართება ბევრი ღონისძიება, მაგრამ დღეს, 17:00 საათზე პარტიის ლიდერები ვაგზლის მოედნიდან გავემართებით სხვადასხვა მიმართულებით რუსთაველის გამზირისკენ. ვაგზლის მოედნის მეტროსადგურის ამოსასვლელისკენ შევიკრიბებით. პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით იქ, სადაც ღირსება, სიმართლეა დასაცავი და სიმრავლით ვიქნებით, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

     „ქართულ ოცნებაში“ ნურავის ექნება ილუზია, რომ ვინმე ხელს ჩამოუშვებს, თუნდაც ერთი ადამიანი. მილიონზე მეტი ხმა აიღო ქართულმა ოპოზიციამ და საპირისპიროდ დაიწერა „ქართულმა ოცნებამ“. გამარჯვებული არის ქართული ოპოზიცია, რომელსაც მხარს უჭერს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

     ამასთან, ნიკა მელიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ელჩებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!“.

     მელიას თქმით, „დიდი ხანია, ქართული დიპლომატია არის კრიზისში“.

     „ბრიუსელში ნატო-ს ელჩი რომ ხარ, ასევე ვაშინგტონში და ხმას არ იღებ, ეს ნიშნავს, რომ, უკეთეს შემთხვევაში, შენთვის ტყვეობაში ხარ, სრულ მორჩილებაში. როგორ შეიძლება, სახელმწიფოს წარმოადგენდე ვაშინგტონში, ბრიუსელში, ნატო-ში და ხმას არ იღებდე, ეს ადამიანები არიან დაკმაყოფილებული მაღალ ანაზღაურებას, რომელსაც იღებენ ბიძინა ივანიშვილისგან. ეს არის სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно