ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია.
„თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინის მიმართებით და საქართველოს მიმართებითაც, თუმცა ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა პრემიერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში ნათქვამია: „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, აშშ-მა შეაჩერა ეს მექანიზმი“.