ეუთო/ოდირი აპირებს თანამშრომლობას არჩეულ ხელისუფლებასთან - კახა კალაძე


     ეუთო/ოდირის დასკვნაში პირდაპირ თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი, პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

     კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.

     თბილისის მერის თქმით,  საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ორმხრივად ითანამშრომლოს ეუთო/ოდირის მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციების შესასრულებლად.

     „არაფერი განსხვავებული იმისა, რაც იყო შუალედური დასკვნა, რა განცხადებებიც იყო გაკეთებული არჩევნების შემდეგ. რეკომენდაციები, რაც მოწოდებულია – აქ საუბარია იმაზე, რომ ეუთო/ოდირი აპირებს თანამშრომლობას არჩეულ ხელისუფლებასთან. ამავდროულად, ჩვენც გამოვთქვამთ მზაობას, ვითანამშრომლოთ და თუ რაიმე გასაუმჯობესებელია, ამ მიმართულებით მზად ვართ, ვიმუშაოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.