ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში.
ამასთან ერთად, გაგრძელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
აღსანიშნავია, რომ გასული წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებულია რეკორდული 565 მლნ აშშ დოლარის შემოსავლები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.