წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დანაშაულში ბრალდებული უსაბუთო მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს


      წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული უსაბუთო მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს. კანონპროექტი გასულ წელს ვენესუელელი მიგრანტის მიერ მოკლული 22 წლის სტუდენტის, ლეიკენ რილის სახელს ატარებს.

     „რეიკენ რილის აქტის“ დამტკიცებას წარმომადგენელთა პალატის 263-მა წევრმა მისცა ხმა, 156 წინააღმდეგი იყო.

      რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი ინიციატივის მხარდამჭერებს შორის წარმომადგენელთა პალატაში 46 დემოკრატი კონგრესმენი იყო.

      კანონპროექტი სენატმა მიმდინარე კვირის დასაწყისში დაამტკიცა, ახლა ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.

      კანონპროექტი ავალდებულებს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს უსაბუთო მიგრანტების დაკავებას, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად იმყოფებიან, თუ მათ წაყენებული ჰქონდათ ბრალი, იყვნენ დაპატიმრებული, მსჯავრდებულნი ან მათ აღიარეს სისხლის სამართლის გარკვეული დანაშაულების ჩადენა, მათ შორის ქურდობა და ძარცვა.

      კანონპროექტი შტატების გენერალურ პროკურორებს აძლევს უფლებამოსილებას, ფედერალურ სასამართლოში გაასაჩივრონ ფედერალური თანამდებობის პირების, მათ შორის მოსამართლეების გადაწყვეტილებები პატიმრობიდან იმიგრანტების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ ასევე შეუძლიათ, წაადგინონ სარჩელი, რათა აიძულონ სახელმწიფო დეპარტამენტს, სავიზო სანქციები დააწესოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობენ აშშ-დან დეპორტაციას დაქვემდებარებული მოქალაქეების მიღებაზე.



წყარო: 1 tv