ივანიშვილს და მის ბანდას საქართველოს სახელით არ აქვს უფლება, ქვეყანას წარმოადგენდეს - მანჯგალაძე


     საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, შესაბამისად, ნებისმიერ საერთაშორისო ასპარეზზე მისი წევრები ქვეყანას არ წარმოადგენენ, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

     მისი თქმით, ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეების დაკვეთას ასრულებს, რომელიც ორი თვეა უწყვეტად ითხოვს, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს და ჰყავდეს ლეგიტიმური მთავრობა.

     „პროტესტი თითქმის, ორი თვეა მიმდინარეობს, საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, თავისუფალი არჩევნები არ ყოფილა, შესაბამისად ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და ნებისმიერ საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმომადგენლები ქვეყანას არ წარმოადგენენ. ეს არის მთავარი მოტივაცია, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილს და მის ბანდას საქართველოს სახელით არ აქვს უფლება, ქვეყანას წარმოადგენდეს“, – განაცხადა პაატა მაჯგალაძემ.

     მისი თქმით, საქართველოს, არანაირი მმართველი გუნდი არ ჰყავს.

     „ეს არის კლეპტოკრატიების, მარტივად რომ ვთქვათ, ფულზე დახამებული ადამიანების გაერთიანება, რომლებიც მზად არიან, ყველაფერს მოაწერონ ხელი. საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს სასიცოცხლო რესურს აცლიან, ჩვეულებრივი პარაზიტები არიან. ივანიშვილის რეჟიმი არანაირი ხელისუფლება არ არის. ის არის პოლიტიკური პარაზიტი, რომელიც სასიცოცხლო რესურს აცლის საქართველოს მოქალაქეებს. ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი არის, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ხალხის ნაცვლად მუშაობს რეჟიმზე, მუშაობს ოლიგარქიაზე, მუშაობს ივანიშვილზე და საქართველოს დღეს არ წარმოადგენს და არ ჰყავს ხელისუფლება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

     მისი თქმით, მონას გონია, რომ ყველა მონაა და ყველას პატრონი ჰყავს.

     „მართლა პატრონს ემსახურებიან და ივანიშვილის იქით მაგათი აზროვნება არ მიდის. მარტივად რომ გიპასუხოთ, ჩვენ ვასრულებთ საქართველოს მოქალაქეების დაკვეთას, რომელიც ორი თვეა უწყვეტად აპროტესტებს იმას, რომ საქართველოში ჩატარდეს არჩევნები და ჰყავდეს ლეგიტიმური მთავრობა. ჩვენ მოვითხოვეთ და ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური, რადგან დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც წარმოაჩენს ქართველ ხალხს. დღეს გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ერთი ადამიანის, ივანიშვილის ინტერესს და მის უსაფრთხოებას. არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩევნების შემდეგ ვისაც ექნება ხალხის მანდატი, იმან უნდა წარმოაჩინოს საქართველო. საქართველო და ივანიშვილი გერევათ ერთმანეთში, „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილია ყველაფერი, ჩვენთვის საქართველოა ყველაფერი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.



წყარო: 1 ტვ