საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


     საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.

     "ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

     აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლი ამ მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რომელიც 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. შეხვედრისას ასევე განიხილეს ექსპორტის მოცულობის ზრდის პოტენციალი და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად ათვისების მნიშვნელობას.

     ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.