თეა წულუკიანის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ.
დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პარასკევს სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას დაეთმობა, აგვისტოს ომთან დაკავშირებულ თემებზე კი მომდევნო კვირას იმსჯელებენ.
მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს წინა ხელისუფლების პერიოდში, მაღალი თანამდებობების პირთა საქმიანობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მნიშვნელობაზე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს და თუ არ დაემორჩილება, მმართველი გუნდი კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
"ყველა ვალდებული არის, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო კომისიასთან. ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვქონდა, სხვათა შორის, პოლონეთში, 1-2 კვირის წინ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც დაიბარეს ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიაზე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თუ არ ვცდები, იგი არ გამოცხადდა და შემდეგ კანონი ამოქმედდა, და მას მოუწია თანამშრომლობა. შესაბამისად, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს, თუ არ დაემორჩილება, მაშინ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
