შეიზღუდება კონკრეტული ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების წვდომა საჯარო სამსახურებზე, მართვის მოწმობაზე - ვოლსკი


     პარლამენტი დღეიდან ანტინარკოტიკული რეფორმის განხილვას იწყებს. კანონპროექტი პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადის, რომელიც ზუსტად 15:00 საათზე დაიწყება.

     მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავარი მიზანი ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაა, მაქსიმალური სიმკაცრე რეალიზატორების ნაწილში და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ.

     "ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში იქნება კრიტიკული, ოპოზიცია ასეც უნდა იყოს, მაგრამ არის საკითხები, სადაც მათი კრიტიკა არის განპირობებული გარკვეული მერკანტილური პოლიტიკური ინტერესებით. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისაგან და განსაკუთრებულად მკაცრები ვიყოთ მათ მიმართ, ვისაც შემოაქვთ და ვინც პირადი გამორჩენის მიზნით ყიდის და ავრცელებს ნარკოტიკს; არამარტო პირადი გამორჩენის მიზნით, შესაძლოა, გარკვეული მიზნითაც, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის რყევას, თუმცა ეს, რასაკვირველია, არანაირად არ იმოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვაზე - ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს, მითუმეტეს, თუ ადამიანი არის დაავადებული და შეპყრობილი იმ მძიმე სენით, რომელიც ნარკოტიკს მოაქვს. ყველამ უნდა იცოდეს რომ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო იქნება კვლავ ლოიალური, არაფერი შეიცვლება, მაგრამ შეიზღუდება კონკრეტული ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების წვდომა საჯარო სამსახურებზე, მართვის მოწმობაზე," - აცხადებს გია ვოლსკი.

     "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, სასჯელი მკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის. უმკაცრესი ზომები ამოქმედდება ე.წ. დამდებების მიმართაც.

     იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება ან ის თავს აარიდებს შემოწმებას, მას სამი წლით მანქანის მართვის ან იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა.


 



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/308732