ეს უსამშობლოები გვექაჩებოდნენ ომისკენ და ვერაფერი გააწყვეს, ახლა დაიწყეს დეზინფორმაციის მორიგი ტალღა - ზარქუა


     პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ეკონომიკასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს.

     "ეს უსამშობლოები გვექაჩებოდნენ ომისკენ და ვერაფერი გააწყვეს. ახლა დაიწყეს დეზინფორმაციის მორიგი ტალღა. თურმე, ეკონომიკური ზრდა, რომელიც საერთაშორისო და მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ იზრდება, ახლა უკვე ამას დაარტყეს, ამათი ჭკუით. სინამდვილეში, გადაჭარბებით გვაქვს. მაგალითად, ნაერთი ბიუჯეტი 102%-ით არის პირველი კვარტალი, ანუ იანვარი-მარტი. 6-ნახევარი მილიარდი ლარი არის შემოსული. მათ შორის, საგადასახადო კუთხით 102%-ით არის შესრულებული. პოლიტიკაში ბეცები ხართ, ხალხთან ურთიერთობაში ლენჩები ხართ, ეკონომიკა და ბიზნესი მაინც იყოს "ლელოსი", ბიზნესიდან მოდიხართ და ერთმანეთს ატყუებთ?!", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

     ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საუბრობს მიზანმიმართულ სპეკულაციებზე, რომლებიც იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარ მაჩვენებლებს ეხება.

     როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბიუჯეტის დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებას არავითარი პრობლემა არ აქვს, საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით სრულდება და ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები სიცრუე და სპეკულაციაა.

     გუშინ, რამდენიმე ექსპერტმა და პოლიტიკოსმა, მათ შორის ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანხებთან დაკავშირებით თვითმმართველობებს პრობლემები აქვთ და დღგს გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/312223