საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს ნებართვითა და თანხმობით ტარდება - მახაშვილი


     საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს ნებართვითა და თანხმობით ტარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

     მახაშვილის თქმით, ეს უცნაური, ახალი პროცედურა არ არის და ფართოდ მიღებული საგამოძიებო მოქმედებაა.

     "ამაში რაიმე განსაკუთრებული და მოულოდნელი არ არსებობს, ეს პროცედურა კანონის სრული დაცვით ჩატარდა. პროცედურების უკანონობაზე რაიმე კითხვა თუ აქვთ, შეუძლიათ, გაასაჩივრონ. არ ვიცი, იქ რომელი უწყების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ სადაც საჭირო იქნება, იმ ადგილების ჩხრეკა მოხდება, რათა ის მტკიცებულებები იყოს ამოღებული, რაც გამოძიებას გაამაგრებს", – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

     დილიდან, რამდენიმე ფონდის დამფუძნებლების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც.