თბილისის მერის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციური პროცესები იმართებოდა უცხოეთიდან, იყო მცდელობა, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ადამიანები მოეყვანათ.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უცხოელი დიპლომატებისა და ოპოზიცია-ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
"ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდებოდა ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, არ იფიქროთ, რომ ხორციელდება ადგილობრივების, ე.წ. ქართული ოპოზიციის ხედვებით, ან მათ აქვთ რაიმე მოფიქრებული, რა ნაბიჯები უნდა გადადგან. ყველაფერი იმართება უცხოეთიდან, უცხოელების კარნახით. ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობები. ყველაფერი შემოდიოდა უცხოეთიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოეყვანათ მათთვის სასურველი ადამიანები, აგენტურა, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი და თვალდახუჭული შეასრულებენ. ეს არის მარტივი მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს, გარედან არ მიეცეთ იმის შესაძლებლობა, ქვეყანაში რაიმე დაძაბულობა შემოიტანონ", - განაცხადა კახა კალაძემ.
