ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს


     მუდმივი საბჭოს სხდომაზე ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით დამგმობი განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს საქმეთა რწმუნებულმა მაკა ბოჭორიშვილმა. ქართველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

     ეუთო-ს მუდმივ საბჭოს ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით პროცედურის დაწყების თაობაზე.

     ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებს აღნიშნულ საკითხზე მყისიერი რეაგირებისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. ამასთან, საქართველომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღონ ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ.

     ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების სრულმა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო სირიის რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება და დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

      სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა (ევროკავშირის განცხადებას ასევე მიუერთდნენ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიხტენშტეინი, უკრაინა, სან-მარინო) ორგანიზაციის სახელით მკაცრად დაგმო სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილება.

     აღინიშნა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიისა და უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით განსაზღვრულ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

     ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორგანიზაციის ურყევი მხარდაჭერა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. ამასთან, აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მიერ ზემოხსენებულ რეგიონებთან არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის, ევროკავშირისა და ეუთო-ს ინსტრუმენტების გამოყენებით. 

     აშშ-ს დელეგაციამ დაგმო სირიის რეჟიმის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. აშშ-ის მხრიდან ხაზგასმით ითქვა, რომ ეს რეგიონები არის საქართველოს ნაწილი და ამ საკითხზე აშშ-ს პოზიცია ურყევია. აშშ-მ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა პატივი სცენ გაერო-ს წესდებას. აშშ-მ ასევე მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.

     კანადის, ისლანდიისა და ნორვეგიის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში მკაცრად იქნა დაგმობილი სირიის გადაწყვეტილება და ის შეფასდა, როგორც საერთაშორისო სამართალის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. 

     შვეიცარიის დელეგაციის თქმით, სირიის გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

     უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეყრდნობა, ასევე მკაცრად იქნა დაგმობილი სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად პასუხობს კრემლის სურვილებს. უკრაინის განცხადებით, სირიის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ გააჩნია იურიდიული ძალა.

     აზერბაიჯანის დელეგაციის თქმით, აღნიშნული ადასტურებს კონფლიქტის მოგვარების კუთხით ეუთოს ძალისხმევის გაორმაგების აუცილებლობას და რომ ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტები უნდა მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე. ასევე ხაზი გაესვა აზერბაიჯანი-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ერთობლივად განხორცილებულ მთელ რიგ პროექტებს.

     თურქეთის დელეგაციის შეფასებით, სირიის გადაწყვეტილება არის საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно