საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები "არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე".
"ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების "არალეგიტიმურად" მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა.
ესტონეთში რეგისტრირებული ენჯეოეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" - ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს.
საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე.
პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც "დახმარების ეფექტიანობის შესახებ" პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.
P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა "ცუდად საუბარი" ან "თავდასხმა", არამედ "ლეგიტიმური კრიტიკაა", რომელსაც პასუხი სჭირდება", - წერს შალვა პაპუაშვილი.
