პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს არის დღე, როდესაც ქვეყნის თითოეული მოქალაქე ამ მნიშვნელოვანი სიმბოლოს გარშემო უნდა ერთიანდებოდეს.
"ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ყველა ქართველს ვუსურვებ ბედნიერ, წარმატებულ მშვიდობიან, გამარჯვებულ ქვეყანაში ცხოვრებას, ჩვენთვის ეს არის განსაკუთრებული დღე, იმიტომ, რომ საქართველოც, ისევე როგორც ძალიან ბევრი ერი, საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს ჩვენი, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელზეც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ ეს ქვეყანა, მისი დამოუკიდებლობა, მშვიდობა და წინსვლა შევინარჩუნოთ“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.
"სრულფასოვანი ერი არსებობს მხოლოდ დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის შემთხვევაში და ეს არის ჩვენი ერის იდენტობის უმნიშვნელოვანესი, განმსაზღვრელი ნაწილი, სხვა შემთხვევაში, ვიქნებოდით ეთნიკური ჯგუფი. დამოუკიდებლობის მოპოვება, რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ შენარჩუნება არანაკლებ რთული აღმოჩნდა. ჩვენ დავინახეთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია, დამოუკიდებლობა, უბრალოდ, ფორმალურად, ქაღალდზე ქვეყნის დამოუკიდებლობას არ ნიშნავს - ეს არის სუვერენიტეტი სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ ღირებულებები, რომლებიც დამოუკიდებლობაშია წარმოდგენილი, შვინარჩუნოთ - მათ შორის, ეს არის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულება, მემკვიდრეობა, ჩვენი ფასეულობები და ა.შ. ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი სუვერენიტეტის შენარჩუნებას.
"საქართველოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი მონაპოვარია, მაგრამ მისი გაფრთხილება და შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ბოლო წლებში წარმატებით გავართვით თავი და შევინარჩუნეთ ჩვენი სუვერენიტეტი - გვაქვს ქვეყანა, რომელსაც დღეს აღიარებენ, ქვეყანა, რომელსაც გარკვეული ცნობადობა გააჩნია და რა თქმა უნდა, ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებაში წარმატების ფონზე ეს აღიარება, ეს ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო წელსაც მრავალფეროვნად, თემატურად არის წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, მინისტრმა დაასახელა დასავლეთ საქართველოში, გურიაში, ენერგეტიკოსების მიერ ორგანიზებული ძალიან საინტერესო გამოფენები, ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები, „საქართველოს ფოსტის“ ღონისძიებები, რომლებიც აჩვენებს ისტორიას დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეებიდან. მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის კომპონენტიც, რომელიც ხაზს უსვამს განსაკუთრებულ მხარეებს, რომლებიც ქვეყანას მიმზიდველს ხდის.
"ასე, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სხვა სამინისტროებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე უწყება წარმოდგენილია ძალიან საინტერესოდ იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ კუთხეში განსაკუთრებულად იგრძნობოდეს ამ საზეიმო დღის მნიშვნელობა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
