საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოხსენება მწვავედ გააკრიტიკა:
„ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაზეც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება,"- განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველი, მესამე წელია ვერ ასრულებს თავის ფუნქციას: „ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის".
მისი თქმით, 2018 წელს ნინო ლომჯარია სულ ოთხჯერ იყო საპატიმროში, 2019 წელს კი საერთოდ არ ყოფილა.
„მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინახულა ნომერი მე-7 დაწესებულება, რომელიც იყო ცარიელი, გახსნამდე, ანუ პატიმრები არ უნახავს. შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია ნომერ მე-9 დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მან მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრებისთვის ხელი ჩამორთმევის რიცხვი არის ნული. 2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე," - განაცხადა წულუკიანმა.
მოხსენებით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა წარმოადგინა სტატისტიკა 2020 წლის იანვრის მდგომარეობით პატიმრობაში მყოფ პირთა საერთო რაოდენობის შესახებ:
„2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, პატიმრობაში მყოფ პირთა საერთო რაოდენობა იყო 9 762 პირი, აქედან მსჯავრდებული იყო 7968, ანუ 8 ათასამდე პირი იხდიდა სასჯელს, ხოლო დანარჩენი 1800-მდე პირი იყო ბრალდებული და ელოდა განაჩენს გამამართლებელს ან გამამტყუნებელს. ამ მსჯავრდებულთაგან 308 არის ქალი, 33 კი არასრულწლოვანი. 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი. ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144, 2011 წელს – 140, ხოლო 2013-2018 წლებში გარდაცვლილ პატიმართა რიცხვი საშუალოდ არ აღემატებოდა ოცს. შარშან ეს რიცხვი იყო 16. 16 ტრაგედია, რომელიც თვიდან ვერ ავიცილეთ, თუმცა ეს რიცხვი ბოლო ათწლეულების მანძილზე არის მინიმალურ ზღვარზე ," – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული ანგარიში გააცნო.