სახელმწიფო დააკვირდება და გაცხრილავს, რა არის სახელმწიფოებრივი და რა – ანტისახელმწიფოებრივი - სოზარ სუბარი


     დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

     სუბარმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები.

     სოზარ სუბარის თქმით, გრანტების მიზანი კეთილშობილური ვერ იქნება, როდესაც ამ გრანტებით ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, იარაღის გამოყენებასა და პარლამენტზე შტურმში.

     „ვერანაირად ვერ იქნება კეთილშობილური ის, როცა აფინანსებ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, ან პირდაპირ აცხადებენ, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ქვეყნის მტერიაო. მაგალითად, გიგა ბოკერია ამბობს ასეთ რამეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არასწორი გადაწყვეტილებაა. მისი მეუღლე კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ. ამ დროს კი, მათი მედიაპლატფორმა უნდა დაფინანსებულიყო დაახლოებით 50 000 ფუნტი სტრელინგით. ეს გვაგონებს 2020 წლის ისტორიას, ისევე, როცა NGO “სამართლიანი არჩევნები” USAID-ის დაფინანსებული გრანტით ცდილობდა არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, მაშინ, როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.

     დღესაც რა გამოდის, რომ ბრიტანეთის საელჩოს სურს, დააფინანსოს ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? ამის დაფინანსებას აპირებს?! ეს აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომაა არჩევნებისადმი. ბუნებრივია, ასეთი პროექტების დაფინანსებას სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს და თუ აქამდე ბერკეტი არ გვქონდა, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროექტები შეგვეჩერებინა, ახლა კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დააკვირდება და გაცხრილავს, რა არის სახელმწიფოებრივი და რა – ანტისახელმწიფოებრივი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.