ორგანიზაცია როდესაც არქივს ანადგურებს, ე.ი. რაღაც უკანონო და არალეგიტიმურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი - პაატა სალია


     „საფარის“ მიერ არქივების განადგურება, ჩემი აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ მათ საქმიანობაში, სავარაუდოდ, რაღაც უკანონო მოქმედებებსაც ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.

     მისი თქმით, საზოგადოება სწორად შეაფასებს, რა დგას ამ ყველაფრის უკან.

     „რას ნიშნავს ეს ახლა? ორგანიზაცია როდესაც არქივს ანადგურებს, ე.ი. რაღაც უკანონო და არალეგიტიმურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამის დაფარვის მცდელობაა. ის, რაც მთელ მსოფლიოში ყველასთვის მისაღებია, გამჭვირვალობა, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. დღეს, თუნდაც ევროპარლამენტი, ევროკავშირი საუბრობს, რომ შესწავლილი უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ფინანსები გამჭვირვალე უნდა იყოს, რაც არის დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. გამჭვირვალობა, ფინანსების გამჭვირვალობა და ა.შ. თუ ეს მისაღებია მთელი მსოფლიოსთვის, რატომ არ უნდა იყოს მისაღები საქართველოსთვის, მათ შორის, გარედან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისთვის? ის ფაქტი, რაც „საფარის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ საქმიანობაში, სავარაუდოდ, რაღაც უკანონო მოქმედებებსაც ჰქონდა ადგილი. ჩემი აზრით, ამას ემსახურება ამ არქივების განადგურება. მე ვფიქრობ, საზოგადოება სწორად შეაფასებს, რა დგას ამ ყველაფრის უკან და კიდევ ერთხელ, უკვე მუნიციპალურ არჩევნებზე, ამ ყველაფერს პასუხს გასცემს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

     კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ „საფარის“ არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია იმ მიზნით, რომ ძალიან სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს.



წყარო: 1 tv