საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის


     საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

     უწყების ცნობით, ავიაკომპანია ოპერირებას 2026 წლის პირველი მარტიდან დაიწყებს.

     „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი პირველადი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1 მარტიდან გეგმავს. ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება. Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება.

     ამჟამად, აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით სრულდება.

     სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა.

     ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის (მე-4 ადგილი ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მომსახურების ხარისხის კვლევისა და შეფასების მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაციის, „SKYTRAX“-ის 2025 წლის მონაცემებით), Etihad Airways-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო ზრდას და საქართველოში სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორების გაძლიერებას“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.