"არანაირი საფუძველი, არანაირი მტკიცება, პირდაპირ იწყებენ "რუსული," "რუსული," "რუსული" - თენგიზ შარმანაშვილი


     Russiagate-ის საქმე მსოფლიოს მედიის ეპიცენტრში რჩება. შტატების 2016 წლის არჩევნებში რუსულ ჩარევაზე ბრალდებები გახდა მიზეზი, ყოფილი პრეზიდენტი გამოძიების სამიზნე გამხდარიყო.

     პროცესები, რომელიც ვაშინგტონში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, განხილვის თემად რჩება თბილისში. პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები განსხვავებულია. "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ Deep state-ის გავლენებზე ახლა უკვე შტატების დაზვერვის ხელმძღვანელიც საუბრობს და ადასტურებს, რომ ოპონენტისთვის პრორუსის დაბრალება ბრძოლის გამოცდილი იარაღია.

     "ცნობილი მეთოდოლოგიაა, როდესაც პროპაგანდისტულად იყენებენ იმას, რომ ჯერ რომელიმე სუბიექტი უნდა გააშავონ. ამისთვის აირჩევა რაღაც ერთი ფრაზა, ეს იარლიყი მიაწებო და შემდეგ დაიწყო მისი განადგურება. ხანდახან ეს ხდება პოლიტიკურად, ხანდახან ფიზიკურადაც კი. იგივე ხდება ჩვენთანაც საქართველოში. არანაირი საფუძველი, არანაირი მტკიცება, პირდაპირ იწყებენ - "რუსული," "რუსული," "რუსული." რატომ არ თქვეს რუსული კვალია, როდესაც გამჭვირვალობის კანონი მიიღეს საფრანგეთში, ჩვენი კანონი ხომ ათჯერ უფრო მარტივი და ლოიალური იყო ყველაფრისადმი," - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

     მმართველი გუნდის შეფასებებს ისევ მანიპულაციას უწოდებს ოპოზიცია, სადაც აცხადებენ, რომ შტატებში ტერმინს Deep state განსხვავებული დატვირთვით იყენებენ.

     "დიდი ბიუროკრატია, რომელიც აფერხებდა მათი აზრით, გადაწყვეტილებების ეფექტურ მიღებას, იგივე რუბიოს თქმით, როგორიც იყო სახელმწიფო დეპარტამენტში ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციაში არის ის Deep state, რომელზეც საუბრობენ ამერიკაში. თუ თქვენ განსხვავებას ამ ორ Deep state-ის განმარტებას შორის ვერ ხედავთ, ეს არ ვიცი.

     რუსეთის იმპერია ერთადერთი რაზეც ორიენტირებულია არის არჩევნებში ჩარევა. ის ერევა ყველა არჩევნებში და ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ. ამაზე არსებობს არაერთი დასკვნა", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/320518