„გორბის“ კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ განწყობებს, რაც დღეს საქართველოშია. მათ შორის იმასაც, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალური ალტერნატივა და რეალური პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 56,2% ამბობს, რომ პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 10,7% „ლელო – ძლიერი საქართველოს“ აძლევს ხმას; 10% – „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“; 7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3,2% – „გირჩი“; 1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 1,1 % – სხვა პარტიები. ამასთან, კვლევის თანახმად, კითხვაზე, რამდენად ენდობიან ინსტიტუტებს, ამომრჩეველთა 91% ენდობა ჯარს, 70% პოლიციას.
როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმედიანად არის განწყობილი მომავალთან, მათ შორის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
„საზოგადოებაც და პოლიტიკური პარტიები უნდა დარწმუნდნენ და გაიაზრონ, რომ საზოგადოებას არ აინტერესებს რადიკალიზაცია. საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა არ არის რადიკალიზაცია და ქუჩაში პოლიტიკის გადატანა. პირიქით, მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესია პოლიტიკის სახელმწიფო ინსტიტუტებში მოქცევა და ცივილურ ფორმებში პოლიტიკის წარმოება და მათ პრობლემებზე ზრუნვა. ეს არის ძირითადი, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ ნახოს და გაითავისოს. არ ვართ დარწმუნებული, რომ მათი დიდი ნაწილი ამ მოცემულობას გაუაზრებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დღეს საზოგადოების დაკვეთა არის არა რადიკალიზაცია და საზოგადიებაში შუღლის ჩამოგდება, არამედ პირიქით, პოლიტიკის წარმოება მაქსიმალურად ცივილურ ფორმებში.
ის ნაწილი, სადაც გამოკვეთილია მოსახლეობის დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით, ესეც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ვერ მოახერხა მოსახლეობის მოტყუება, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა რაიმე ისეთი ფორმით, სადაც შეიძლება, არ ყოფილიყო ასახული მოსახლეობის პოლიტიკური ნება და განწყობები. ძალიან სასიხარულოა, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესს ენდობა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულება უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომ მაქსიმალურად დავუბრუნდეთ დემოკრატიულ ჩარჩოებს, საარჩევნო პროცესს და არჩევნების გზით გამოხატონ და საკუთარ მოსახლეობას დაუმტკიცონ, რეალურად რას წარმოადგენენ, რა გეგმები აქვთ მათ მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
წყარო: https://1tv.ge/news/levan-makhashvili-gorbis-kvleva-kargad-achvenebs-qveyanashi-arsebul-politikur-ganwyobebs-mat-shoris-imasac-rom-qartul-ocnebas-realuri-alternativa-da-realuri-pol/
