პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს კონფერენციაში მონაწილეობს


     საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაერო-ს კონფერენციაში მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

     უწყების ცნობით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.

     „საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ანტონიო გუტიერეშმა და სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

     ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. პრემიერ-მინისტრი აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

     გაერო-ს კონფერენციის გახსნამდე სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს სიტყვით მიმართა თურქმენეთის ეროვნულმა ლიდერმა, სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.

     ოფიციალურ ღონისძიებას ავაზას კონგრესცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად დაესწრო“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.