ოპოზიციაში ვერც შიგნით იგეგმებიან, ვერც გადაწყვეტილებას იღებენ და ამისთვის ყოველთვის გარეთ გარბიან - დიმიტრი ხუნდაძე


     "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტომასალა, რომელიც ბერლინში გიორგი გახარიას, ირაკლი კუპრაძისა და ბერდია სიჭინავას შეხვედრას ასახავს.

     "რუსთავი 2-ის" ინფორმაცია, რომ კუპრაძე და სიჭინავა გერმანიაში გახარიასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, დადასტურდა.

     დღეს, პარტიებში, სადაც გუშინ აცხადებდნენ, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თქვეს, რომ ბერლინში გახარიასთან შეხვედრა შედგა.

     არსებული ინფორმაციით, "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი და "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი გახარიამ გერმანიაში დაიბარა, რადგან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან.

     საკითხს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციაში ვერც შიგნით იგეგმებიან, ვერც გადაწყვეტილებას იღებენ და ამისთვის ყოველთვის გარეთ გარბიან.

     "გადაწყვეტილების ქვეყნის გარეთ მაძიებლები არიან ოპოზიციაში. პრაქტიკულად, დესტრუქციული ოპოზიციის მთელი შემადგენლობაა. ისინი ვერც შიგნით იგეგმებიან, ვერც გადაწყვეტილებას იღებენ და ამისთვის ყოველთვის გარბიან გარეთ. საიდანაც არ უნდა ჩამოიტანონ, ვისი დაკვეთილიც არ უნდა იყოს დავალება, საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას. მათი პოლიტიკური განაჩენი გარდაუვალია, ასევე გარდაუვალია შედეგი, რომ მმართველი გუნდი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებშიც", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/322258