ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ფორმალურად გერმანელ ხალხს საქართველოში წარმოადგენს ეს ადამიანი. მე აღარ ვიცი რა უნდა ავხსნა, ბევრჯერ ვცადე ამის ახსნა, მაგრამ როგორ ჩანს ის ან ვერ იგებს ან არ იგებს და საერთოდ ვერ ხვდება მგონი რა კულტურულ გარემოში იმყოფება, რა ქვეყანაში იმყოფება, ვინ ვართ ქართველები, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გერმანიის ელჩის ვიდეოს, რომელიც მან ილიაუნის სტუდენტური მოძრაობისთვის ჩაწერა და სადაც ის აღნიშნავს, რომ "საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის გამო ბევრი რამ არის რისკის ქვეშ, მათ შორის უვიზო მიმოსვლა".
გარდა ამისა, გერმანიის ელჩმა ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრებს აქტივიზმის მაგალითი უწოდა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის სწორედ ის მოძრაობა და მისი წევრი არის ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო მარიამ ლაშხის წინააღმდეგ დაწყებულ ბულინგში.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამარცხვინოა, როდესაც პეტერ ფიშერი ხელს ართმევს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს და მას სამაგალითოს უწოდებს.
"ეს შეხვედრა, რომლითაც ასე თავს იწონებს გერმანიის ელჩი, მათ შორის თავის სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ამბობს, რომ ეს ადამიანი, რომელთანაც ის გვერდით დგას და რომელიც წარმოადგენს ამ დაჯგუფებას, არის მაგალითი მომავალი თაობისა და სამოქალაქო აქტივიზმის. ეს ის ადამიანია, რომლის ორგანიზაცია და პირადად ის ჩართული იყო მათ შორის მარიამ ლაშხის წინააღმდეგ. არ ვიცი ამას რა დავარქვა, როდესაც ადამიანს უწოდებ "ცოცხალ არსებას" და "მონას".
მე შემიძლია გერმანიის ელჩს მივცე უნდა ისტორიული, უნდა ენციკლოპედიური განმარტება, რას ნიშნავს ეს ტერმინები, რას ნიშნავს დეჰუმანიზება ადამიანის და რა იდეოლოგიის მიმდევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვებს "არსებებად" მოიხსენიებენ".
საზოგადოებას ვეტყვი კიდევ ერთხელ, დეჰუმანიზება ანუ ადამიანისთვის აყრა მისი პიროვნული ღირსებების, იმის თქმა, რომ ეს ადამიანი არ არის, არ აქვს პიროვნული ღირსებები, ფაქტობრივად საგანია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც ამბობს, რომ თუკი შენი ოპონენტი ან ის, ვინც არ მოგწონს ადამიანი არ არის, მაშინ ყველაფერი შეიძლება. მასზე ძალადობა შეიძლება, მასზე თავდასხმა შეიძლება, ვინაიდან ის არ არის ადამიანი, ის არის ფაქტობრივად ნივთი. „მონას“, ამიტომაც იყენებენ ამ ტერმინს, რომ მონა არის უფლებააყრილი ადამიანი, ფაქტობრივად არაადამიანი თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე. ამ ადამიანს ხელს ართმევს გერმანიის ელჩი, რომლის იდეოლოგია ეფუძნება ადამიანის დეჰუმანიზებას და ამბობს, რომ ის არის მაგალითი აქტივიზმის. სირცხვილია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
