კირკის მკვლელობა არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პოზიციად, თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები - შალვა პაპუაშვილი


     კირკის მკვლელობა არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პოზიციად, თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები

     კირკის მკვლელობა არის ლიბერალიზმის თანამედროვე სახე და ზუსტად ეს არის, რაც ხდება საქართველოში, როცა ცდილობენ თანამედროვე ლიბერალიზმთან გააიგივონ ილია ჭავჭავაძე, თუმცა ილია ჭავჭავაძე კი არა, ბერბიჭაშვილების შთამომავლები არიან თანამედროვე ლიბერალები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

     მისი თქმით, სწორედ ისინი არიან ნაწილი ლიბერალური ინტერნაციონალიზმის, რომლის მთავარი იარაღი არის ძალადობა.

     „სიტყვით ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, ამას ვხედავთ მთელ მსოფლიოში, სადაც ისინი მოძლიერებულნი არიან. ზუსტად ეს უნდათ, საქართველოშიც დაამკვიდრონ. ეს ორკების ღამის თარეში, რაც თბილისში ხდება, მივარდნები, დედის გინება პროტესტია?! ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომ გინებას, შეურაცხყოფას, დეჰუმანიზაციას, ძალადობას აფორმებენ პოლიტიკურ პოზიციად. ის, რაც გუშინ ვიხილეთ არის ის, რაც უნდათ, რომ საქართველოში დანერგონ. რუსთაველზე ცოტა ხნის წინ დააკავეს ადამიანი, რომელიც შაშხანით გადაადგილდებოდა, ეს არის ზუსტად, რაც მოხდა სლოვაკეთში, როდესაც ფიცოს ესროლეს. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ერთ-ერთი ევროკომისარი აფრთხილებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. თანამედროვე ლიბერალები არიან ფაშისტების შთამომავლები. როგორც 100 წლის წინ ფაშიზმი სენივით შეეყარა ევროპას, ზუსტად ასე არის ლიბერალიზმის თანამედროვე გაგება, რომელიც არის მემკვიდრე ფაშიზმისა, რომლის მთავარი იარაღია ადამიანების გაუქმება, შეურაცხყოფა, ძალადობა და ა.შ. რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ ქართველი ლიბერალების ე.წ. ბერბიჭაშვილების შთამომავლების რეაქცია ამ მკვლელობაზე. ვნახეთ სოროსის ფონდის თანამშრომელს, ასევე პარტია „ახალის“ თანამშრომელს როგორ უხარია. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არის 100 წლის წინანდელი ფაშიზმის მემკვიდრე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

     კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს,  დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.