ჩვენ გამოვიყენეთ ყველა სხვა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, საჯაროდ მოწოდების, განმარტების, მაგრამ ვხედავთ, რომ, ზოგ შემთხვევებში, ეს არ ჭრის. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ დიპლომატიური ზომის გამოყენებაც, ელჩის დაბარება, რათა მათთვის აეხსნათ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არავინ უნდა დაარღვიოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს და კონვენციებს.
ეს მოწოდებები არ მოქმედებს ერთი მიმართულებით. ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს და კონვენციებს, ამ შემთხვევაში, ვენის კონვენციას. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან აბსოლუტურად უგულებელყოფილი. ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადებაც ვნახეთ. პეტერ ფიშერს აუხსნეს, რას ნიშნავს ვენის კონვენცია, 41-ე მუხლი, ჩარევის რა მაგალითები მიაწოდეს. ასევე გუშინ პეტერ ფიშერის თუ მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავიგეთ, თითქოს დეზინფორმაცია, ცრუ ნარატივებია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მოთხოვნილი ოფიციალურად გერმანიის მხარისგან, დაასახელონ მაგალითები ცრუ ნარატივის, დეზინფორმაციისა და თავდასხმისა. დღემდე არ მიუღია განმარტება და მაგალითები ამასთან დაკავშირებით. როგორც ვხვდები, მათ შორის დაბარებისას, შეხვედრაზეც ეს მაგალითები არ დასახელებულა. გახსოვთ, ერთი პერიოდი, ფაქტობრივად, ტერმინი აღქმები როგორ იყო პოლიტიკურ ლექსიკონში. გუშინაც ვისაუბრე ამაზე. თითქოს აღქმები განსაზღვრავდა ყველაფერს. შეიძლება ნებისმიერი რამ თქვა, რომ გაქვს აღქმა, ვიღაც იტყუება, რომ ვიღაც რაღაცას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ მტკიცებულება არ გჭირდება, რადგან ერთადერთი შენი ილუზიები და წარმოსახვა არის მტკიცებულება? ჩვენ ეს ტერმინი მოვკალით ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში. დავუპირისპირეთ ფაქტები. დღეს ვეღარავინ ბედავს, ისაუბროს აღქმებით არგუმენტების გარეშე. ყველას ვთხოვთ ფაქტებს.
გადავედით მეორე საკითხზე – როცა ჩვენ ვსაუბრობთ ექსტრემიზმის წახალისებაზე, ვამბობთ კონკრეტულ მაგალითს. პეტერ ფიშერთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითი მოვიყვანეთ. კერძოდ, არსებობს დაჯგუფება, რომელიც მიუვარდა ქალ დეპუტატს მცირეწლოვან შვილთან ერთად. მიაყენა შეურაცხყოფა, ეძახა მონა. მეორე დღეს კიდევ გამოვიდნენ და ამას სკანდირებდნენ ქალი დეპუტატის მიმართ, რომელიც იყო არასრულწლოვან ბავშვთან ერთად. ინციდენტის შემდეგ ამ დაჯგუფებას შეხვდა. ამ ყველაფრის შემდეგ პეტერ ფიშერი შეხვდა ამ დაჯგუფებას, გადაიღო მათთან ფოტოები, დადო „ტვიტერზე“ და თქვა, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს მომავალი. ახლა უნდა პეტერ ფიშერს, უნდა მის რომელიმე გულშემატკივარს თქვას, რომ ქალ დეპუტატთან მივარდნა, რომელიც არასრულწლოვან ბავშვთან ერთად არის და დეჰუმანიზაციის მიზნის მქონე ტერმინოლოგიით თავდასხმა, შეურაცხყოფა, მონას ძახილი არ არის რადიკალიზმი. მაშინ მოიყვანონ ამისი არგუმენტი. მეორე – ამ ადამიანებს რომ ხვდები და ამბობ, ესენი არიან საქართველოს მომავალი, რომ ეს რადიკალიზმის წახალისებაა. ველოდები გამოხმაურებას ამასთან დაკავშირებით. შეურაცხყოფა და თავდასხმა არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ეს არის პასუხი. ვნახეთ საელჩოების განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ეს არ არის სიმართლე. საბავშვო ბაღი არ არის, თუ რაღაც არ არის სიმართლე, უნდა თქვა არგუმენტი.
ჩვენ ვამბობთ, რომ შემთხვევები არის რადიკალიზმის წახალისების, როგორც მაგალითად, ევროკავშირი აფინანსებს ადამიანს, გვარი აღარ მახსოვს, ვაი-ფაი გავხსენი და მიხარიაო, გუშინ რომ თქვა ელჩმა, ევროკავშირი ხელფასს რომ უხდის ადამიანს, რომელიც პოლიტიკური მკვლელობისკენ მოუწოდებს, დასცინის, აგდებულად საუბრობს გარდაცვლილი პოლიტიკოსის სიკვდილზე. ამას რომ აფინანსებს, ეს არის რადიკალიზმის წახალისება. ევროკავშირის ფული მიდის იმ ჯგუფების არსებობის უზრუნველყოფაში, რომლებიც დეჰუმანიზაციას ახდენენ საკუთარი ოპონენტების, რომლებიც პოლიტიკური მკვლელობისკენ მოუწოდებენ, მოუწოდებენ დამხობისკენ. წარმოიდგინეთ, საქართველოს ელჩი შეხვდეს ყვითელი ჟილეტების ლიდერს, საქართველოს ელჩი შეხვდეს „ანტიფას“ ლიდერებს. შეხვდეს გერმანიაში „რაიხსბიურგერები“ რომ ჰქონდათ ორგანიზაცია, მის ლიდერებს. არათუ შეხვდეს, შემდეგ ფოტო გადაიღოს და თქვას, რომ ესენი არიან მომავალი. ქართველ ხალხს ნურავინ მიიჩნევს სულელად. ასე ელაპარაკონ სხვებს. ქართველ ხალხს თუ ეუბნებიან, რომ რაღაც არ არის სიმართლე, კეთილი ინებოს ყველამ და მოიტანოს არგუმენტი. არგუმენტების გარეშე ხელის აქნევა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
