"მოძალადის გმირად წარმოჩენა - ზუსტად ამ იდეოლოგიის გამართლებაა, ვინაიდან თანამედროვე ლიბერალიზმი, ფსევდოლიბერალიზმი ეფუძნება ძალადობას", - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელისთვის 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემა.
"იდეოლოგია, რომელიც დღემდე მეტ-ნაკლებად მსოფლიოში ბატონობდა, ვგულისხმობ თანამედროვე ლიბერალიზმს, სრულიად დაფუძნებულია ძალადობაზე. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს (მაშინ ყოფილ პრეზიდენტს) როგორ გაუთიშეს წვდომა სოციალურ მედიაზე, როგორ წაშალეს მისი ანგარიშები, როგორც ავრცელებდნენ მასზე დეზინფორმაციას, იმისთვის, რომ გაეჩუმებინათ და დღესაც როგორ ხდება მასზე თავდასხმა სხვადასხვა მეინსტრიმ მედიის მხრიდან, რათა გააჩუმონ და გააჩერონ ახლა როგორც უკვე პრეზიდენტი. ზუსტად ამას ვხედავდით ჩვენ საქართველოსთან მიმართებით, როდესაც თანამედროვე ლიბერალიზმის ვერბალური ძალადობით - ბულინგით, მედიის გამოყენებით, რომელიც ერთი ცენტრიდან კოორდინირდება, როგორ ცდილობენ გააჩუმონ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეს. ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი; მოძალადის გმირად წარმოჩენა - ზუსტად ამ იდეოლოგიის გამართლებაა, ვინაიდან თანამედროვე ლიბერალიზმი, ფსევდოლიბერალიზმი ეფუძნება ძალადობას და ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა იყოს დაჯილდოებული, რათა სხვებმაც დაინახონ, რომ ძალადობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ. მოძალადეს წარმოაჩენენ გმირად - ეს ეწერება იმ კონცეფციაში, რომელიც თანამედროვე ლიბერალიზმს აქვს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
