სანიკიძეს სრულად ვეთანხმები, რომ ოპოზიციური ფლანგი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს, ეს ასეა. ყოველთვის ამაზე ვსაუბრობდით, რომ თვალთმაქცობაა, თითქოს სხვადასხვა პარტია არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.
„სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დედა პარტიაა, რომლის შვილები არიან პატარ-პატარა პარტიები. ესეც გახლავთ გარედან დადგმული სცენარი, რომ ამ დაყოფით, გაყოფით, განაწილებით აღქმა შექმნან, თითქოს რაღაც ალტერნატივები არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში, ერთი დედა პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კვებას ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას თუ ე.წ. აქტივისტებს. ამიტომაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელით. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოელისთვის ჩაბარების ინსტრუმენტი, რომელსაც დემოკრატიულ სისტემაში ადგილი არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს ასევე კითხვა დაუსვეს სანიკიძის განცხადების კიდევ ერთ ნაწილზე, სადაც ლევან სანიკიძე ამბობს: „ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის 70 პროცენტი წყდება ქვეყნის გარეთ, დანარჩენი 30 პროცენტი – შიგნიდან. ტალღას აქვს თავისი ლოგიკური მომენტი, რომელსაც სჭირდება მზადება. არ მაქვს შეგრძნება, რომ ხვალ 200 ათასი კაცი გამოვა. ივანიშვილს მთავარი შიში აქვს ქვეყნის გარეთ. ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდზე მეტს არავინ აკეთებს“.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების სურვილია, „საქართველოს დამოუკიდებლობაზე გარედან თავდასხმით პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ“.
„რამდენიმე პოლიტიკოსს ბრალდება აქვს წარდგენილი უცხო ქვეყნის ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში. ახლა პირდაპირ ეთერში ვხედავთ იმას, რაც საუკუნეების წინ ისტორიაში გვაქვს ნასწავლი, როდესაც რომელიღაც სამეფოების დედაქალაქებში ჩადიოდნენ ჯარის წამოსაყვანად, რათა თავისი მმართველობა დაემკვიდრებინათ. საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობაა, როდესაც სხვა ქვეყნებში ჩადიან და ცდილობენ, საქართველოს წინააღმდეგ შეკრან სანქციების ჯარი და არასასურველ პირად გამოცხადების ბატალიონები. ამაში ჩართულნი არიან ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დადიან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ქართველ ხალხში მხარდაჭერა არ აქვთ და სურთ, გარედან თავდასხმით, საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმით პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

















