გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან - კახა კალაძე იგორ ბლაჟევიჩზე


     თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც არსებობს იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით ვიდეოჩანაწერი, რომელიც ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებს ეხება.

     მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელებას ცდილობდნენ.

     "სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირები ქვეყანაში გადატრიალებისა და დაპირისპირების მიზნით ტრენინგებს ატარებდნენ. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც რევოლუციური სცენარის განხორციელებას ეხებოდა. ეს ყველაფერი ისე იყო შეფუთული, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ, თუმცა რეალურად საუბარი იყო სისხლისღვრაზე. საზოგადოება ხედავს, რომ პროცესებში გარე აქტორები არიან ჩართულები. ისინი საქართველოს მოსვენებას არ აძლევენ. საჭიროა სიფრთხილე. მადლობას ვუხდი შესაბამის სამსახურებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან", - განაცხადა კახა კალაძემ.

     მისივე თქმით, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა უწყების ერთობლივი და ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვანია.

     "სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ფაქტები გამოავლინეს, რამაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. როგორც ვიცი, ამაზე გამოძიება დაწყებულია. არსებობს იდენტიფიცირების გარკვეული პრობლემებიც, თუმცა შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე მუშაობენ. საამაყოა, რომ ქვეყანაში მშვიდობაა. საამაყოა, რომ საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა. თითოეული სამსახურის ეფექტური მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კახა კალაძე