,,ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ"- ზურაბიშვილი


     საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

    პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის და აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მასპინძლობს ნატოს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ჩვენი ურთიერთობები.

    ,,საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმისა, თუ რა გზაზე ვდგევართ - რომ ეს გზა უცვლელი და უალტერნატივოა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება - სამხედრო, თუ პოლიტიკური რეფორმები, იმისათვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ.

    ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსათვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება, თუნდაც ჩრდილო მაკედონიის მიღებით, რაც ძალიან დიდი წინსვლის ნიშანია და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

     იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

     ,,ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად დიდი პატივია, თქვენთან ხელახლა შეხვედრა. ბოლოს ჩვენ ბრიუსელში შევხვდით ახლა უკვე თბილისში შედგა ჩვვენი შეხვედრა, რაც საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მაღალი დონის პარტნიორობას გახატავს.

     საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს. მე დღეს ერთობლივი წვრთნების ცენტრი მოვინახულე, სადაც ჩვენ, სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს ვახორციელებთ.

     ეს მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო და ნატო მხარდამხარ მოქმედებენ. მე უაღრესად მადლობელი ვარ ერთობლივი უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის.

     ამას გარდა, საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილეა და წვლილი შეაქვს ჩვენს მისიაში, რომელსაც ავღანეთში ვახორციელებთ. მსგავსი ახლო თანამშრომლობით ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოებას. ასევე, გეხმარებით თქვენ, რაც ჩვენი, როგორც საქართველოს, ასევე ნატოს ინტერესშია.
 
    საქართველო ნამდვილად უნიკალური პარტნიორია. მივესალმებით  რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესს.
ნატოს ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე ვესწრებოდი ნატოს სამიტს 2008 წელს, ბუქარესტში, სადაც ჩვენ პირველად განვაცხადეთ აღნიშნულის თაობაზე, თუმცა, მსგავსი განცხადებები კვლავ გაკეთდა გასული წლის ივლისში, ბრიუსელში.
ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერინიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. უარი თქვას მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რადგან ეს ტერიტორიები  საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

    შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფორისის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან კი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სამხედრო ასისტენტი გიერმუნდ ეიდე, საქართველოში ნატოს ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ევროატლანტიკური და მსოფლიო პარტნიორობის ოფიცერი სტეფან ელგერსმა, გენერაური მდივნის ოფისის დირექტორის მოადგილე კრისტიან მესზაროსი, ნატოს პრესსპიკერის მოადგილე პიერ კაზალეტი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно