წითელ ხიდსა და სარფში 70 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს


     საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წითელ ხიდსა და სარფში 70 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

     მათივე ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი" და „სარფი", არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

     ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 70,156.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა – 914,29 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

     საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, 12 და 15 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 24,080.48 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო 13 ივლისს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно