,,ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება" – ჭელიძე


     შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება– ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ისაუბრა.

     ,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დანაშაულად ცხადდება, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელი კი მკაცრდება.

     გაცნობებთ, რომ გუშინ სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბელარუსის რესპუბლიკის მიერ დეპორტირებული ე.წ. „კანონიერი ქურდი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოფრინდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 1993 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად". ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა და ე.წ. „ქურდულ გარჩევებში" აქტიურად მონაწილეობდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

     გუშინვე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, პოლიციამ თბილისში ორი პირი დააკავა. დაკავებული არიან 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი და 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი.

     მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. „კანონიერი ქურდებთან" და მათი დავალებით მოქმედებდნენ.

     გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

     შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურ მუშაობას განაგრძობს. უწყება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს დანაშაულის თითოეულ ფაქტზე და დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება"– აცხადებს მამუკა ჭელიძე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно