ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ფინური კორპორაციის „ნოკიას" რეგიონულ დირექტორთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიკკო ლავანტისთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
„ნოკიას" რეგიონულ დირექტორს გავაცანით საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რომელთაც კომპანია წარმოების საქართველოში დაწყების შემთხვევაში მიიღებს. ჩვენი შეთავაზებები ძალიან მალე აისახება მთავრობის პოსტკრიზისულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. მანამდე ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რათა უკეთ შევიტყოთ, რამდენად არის შესაბამისობაში მათი განვითარების სტრატეგიები საქართველოს მთავრობის პოსტკრიზისულ ხედვებთან", - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, შეარჩიეს 400-ზე მეტი კომპანია, რომელთა ტოპ-მენეჯმენტთანაც ახორციელებენ პირდაპირ დიალოგს და აცნობენ იმ უპირატესობებს, რომლებიც საქართველოს, როგორც ახალ რეგიონალურ ჰაბს, გააჩნია.