პარტიის „სამართლიანობის" დამფუძნებელი ეკა ბესელია აცხადებს, რომ შეუერთდება ოპოზიციის დეკლარაციას, რომელიც საარჩევნო ხმების დასაცავად გაერთიანებას გულისხმობს.
რაც შეეხება ოპოზიციის იმ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან", ეკა ბესელია ამბობს, რომ ამ დოკუმენტს ჯერ არ იცნობს და გადაწყვეტილებას საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე მიიღებს.
„ჩვენ ვლაპარაკობთ პრინციპზე და როგორც გითხარით, ჩემთვის წითელი ხაზები გადის იმაზე, არ დარჩეს ეს რეალობა და არ დაბრუნდეს წარსული. ამიტომ ხელს შევუწყობთ ახალი კოალიციის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება ხმების დაცვის დეკლარაციას, რომელიც გუშინ ოპოზიციურ ფორმატში შედგა და ხელი მოეწერება შემდეგ კვირას. რა თქმა უნდა, ვუერთდებით ჩვენც, რადგან ყველამ საჯაროდ და დეკლარირებულად უნდა ვთქვათ, რომ ყველა დავიცავთ ერთმანეთის ხმებს, რათა არც ერთი ამონრჩევლის ხმა არ დაიკარგოს, ვითარება კი შეიცვალოს", – განაცხადა ეკა ბესელიამ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმებულად სამოქმედოდ დეკლარაცია 18 აგვისტოს შეიმუშავა.