გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE) ქვეყნებში რეგულაციებითა და რთული პროცედურებით ვაჭრობის შემაფერხებელი ფაქტორების კვლევის შედეგები წარადგინა.
UNECE-ს კვლევის შედეგების მიხედვით რაციონალური ინსტიტუციური მოწყობა და საქმის წარმოების ელექტორნული სისტემა ის ფაქტორებია, რომელთა გამოც საქართველო UNECE-ის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორია ვაჭრობის კუთხით.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში დღეს საბაჟოს პროცედურების გასავლელად და შესაბამისი დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად სულ რაღაც 30 წუთი და მხოლოდ 2 დოკუმენტია (ტვირთის თანმხლები დოკუმენტი და ზედნადები ან შესყიდვის ხელშეკრულება) საჭირო. ექსპორტი მხოლოდ 10 ან 15 წუთშია გაწერილი, იმის მიხედვით, სტანდარტული პროცედურა გამოიყენება თუ დაჩქარებული. 2016 წელს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის საერთო ღირებულება 2.11 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო იმპორტირებული საქონლის - 7.27 მილიარდი აშშ დოლარი.
კვლევის თანახმად, საბაჟო დეკლარაციის, აუცილებელი ნებართვებისა და „ევრო 1" გადაადგილების სერტიფიკატის აღება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ანუ ელექტრონული საბაჟოს (eCustoms) ინტერფეისისა და ნებართვების გაცემის ერთიანი სისტემის მეშვეობით; არ არის საჭირო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე რიგში ხანგძლივად ლოდინი, ვინაიდან დანერგილია რიგის ელექტრონულად დაკავების მომსახურება. საზღვარზე კონტროლს მხოლოდ ორი ორგანო ახორციელებს (შემოსავლების სამსახური და საპატრულო პოლიცია) და, ამასთან, ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს მომსახურებას თავაზობს განბაჟების 6 ზონა, 4 საბაჟო კონტროლის/დათვალიერების დანაყოფი და სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტი. განბაჟების ზონები კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ზონაში მომსახურე პერსონალს შეუძლია ადგილზევე გადახედონ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და კონსულტაცია გაუწიონ დაინტერესებულ ტრეიდერებს.
საქართველოს ასევე აქვს სტანდარტიზაციის, ტექნიკური რეგლამენტის, შესაბამისობის შეფასებისა და მეტროლოგიის მოწინავე სისტემა. საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ასევე აკრედიტაციის ევროპული თანამშრომლობის მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერია და საერთაშორისო ლაბორატორიული აკრედიტაციის საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2018 წლიდან უერთდება.
ამასთან, ქვეყნის მასშტაბით წამყვანი სექტორების 65-მა წარმომადგენელმა/კომპანიამ გამოკითხვისას დაადასტურა პროცედურების მაღალი დონის გამჭვირვალობა. კომპანიები მუდმივ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას პროცესუალური თუ რეგულაციების მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული გავრცელების სისტემის საშუალებით და, ასევე, სხვადასხვა სამინისტროსთან კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის ფარგლებში გამართული კონსულტაციებიდან.
შემდგომი სრულყოფისათვის აუცილებელია სახელმწიფო უწყებების გაძლიერება ტექნიკური და საექსპერტო უნარ-ჩვევების განვითარებით განსაკუთრებით ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან დაახლოების, არსებული საქმის წარმოების ელექტორნული სისტემის კონსოლიდირების და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
„მთავრობა თანმიმდევრულად მიჰყვება არჩეულ ლიბერალურ სავაჭრო რეჟიმს, რომელიც ორმაგ მიზანს ისახავს და გულისხმობს ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და, ასევე, ქვეყნის ეკონომიკის ჩართვას ღირებულებეთა გლობალურ და რეგიონულ ქსელში. ამ მიზნის მიღწევაში დიდ როლს თამაშობს UNECE-ის კვლევა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენედი არველაძემ.
UNECE-ის აღმასრულებელმა მდივანმა, ოლგა ალგეეროვამ განაცხადა: „ეს კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია UNECE-ის გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნებთან რეფორმების განხორციელებისა და რეგიონული ინტეგრირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. მიღწეული წარმატებებისთვის საქართველო დამდვილად იმსახურებს მილოცვას, ხოლო შეთანხმებული რეკომენდაციების წარმატებით განხორციელებისათვის UNECE მჭიდროდ ითანამშრომლებს მთავრობასთან, ქვეყნის განვითარებაში მონაწილე პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან".