,,გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა, თქვენი ლოცვები მჭირდება"– ილია მეორე


     უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას უფალთან სიახლოვის შესახებ ისაუბრა. 
 
     ილია მეორის თქმით, ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი დღეები, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფლის სიახლოვეს და ეს სიახლოვე ასაზრდოებს.
 
     „დღეს არის ხსენება მაქსიმე აღმსარებლის. დღეს მე მინდა გითხრათ ჩემი განსაცდელის შესახებ, რომელიც გამოვიარე. სასულიერო აკადემიის შემდეგ, მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა, რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი სიახლოვის დროს. აკადემიის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისთვის და საოცარი რამ მოხდა, სახარების დროს მადლი გადმოვიდა, რაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როცა მე თითქოს გამოვითიშე წირვა-ლოცვიდან და ვერავის ვერ ვხედავდი, დედებს ვერ ვხედავდი, მხოლოდ უფალთან სიახლოვეს ვგრძნობდი.

     წირვა თავიდან ბოლომდე სწორად ჩატარდა, მაგრამ ეს სიახლოვე იმდენად ტკბილი იყო, იმდენად სულიერი ტკივილი იყო, რომ როცა წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი და შემოიტანა მდუმარება ბარძიმში ჩასაშვები, იმ დროს გამოვედი მე იმ მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ მე არ შემეძლო, არც ლაპარაკი, არც საჭმლის მიღება, მთელი სხეული განიცდიდა აი, ამ მდგომარეობას.

     შეიძლება თქვენ ეს გაქვთ ეს, შეიძლება ეს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ იყო, ეს არის მოვლენა იმისთვის, რომ სულიერად განამტკიცოს ადამიანი ღმერთმა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ.

     გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა, დიდება უფალს, თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი იმ დღეებს, რომელიც გამოვიარეთ. დაე, ჩვენ ვმადლობდეთ უფალს, ახლა მე ვაკურთხებ საჭმელსა და სასმელს, რომ თქვენ მიიღოთ ეს, მომიხსენიოთ თქვენ წმინდა ლოცვებში",– ბრძანა პატრიარქმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно