სახელმწიფო უწყებებმა საქმეების 80 პროცენტში ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიციები გაითვალისწინეს- ლექვინაძე


     ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ დღეს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარადგინა.

     მისი ინფორმაციით, 2019 წლის ექვს თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მიმართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასაჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გაგზავნა.

     „2019 წლის ექვს თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80 პროცენტში უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს. მათ შორის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სრულად იქნა დაკმაყოფილებული ბიზნესომბუდსმენის დასკვნა ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით. შედეგად, ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არც ერთ ეტაპზე არ მოხვდება დღგ-ს დაბეგვრის არეალში. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება 2011 წლის 23 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც", – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

     ბიზნესომბუდსმენის აპარატისა რეკომენდაციებს და დასკვნებს შორისაა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ" კანონის პროექტის შესახებ შენიშვნები, ასევე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის დასკვნა, „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ".

     „რიგ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ" კანონის პროექტთან დაკავშირებით, შედეგად, დაიხვეწა საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ", – – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

    ასევე, მისი ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული საქართველოს ბიზნესომბუდსმენის დასკვნა „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" და შედეგად ტექნიკურ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება რეალიზაცია.

 
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv