საქართველოში ივლისში 6%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა


     ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ივლისში გასულ წელთან შედარებით თითქმის 6%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა. როგორც ირკვევა, ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტების რაოდენობა საერთაშორისო ვიზიტორების ჩამონათვალში მეორე პოზიციაზეა.

     ივლისში საქართველოში 1 099 474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან. ლიდერობს გერმანია, შემდეგ ლატვია, ავსტრია და პოლონეთი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 26%-ით არის გაზრდილი. 

     რაც შეეხება ტურისტებს რუსეთიდან აქ 14%-იანი კლება შეინიშნება. ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი 48,8%-ით შემცირდა საჰაერო გზით. ისინი ალტერნატივად საზღვაო და სახმელეთო გზას ირჩევენ.  

     „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია იანვარ-ივლისში გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებით 7,8%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით და უშუალოდ ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 8%-ით. რაც შეეხება რუსეთის მიმართულებას, ტურისტულ ვიზიტებს 14%-იანი კლებაა გვაქვს"- აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. 

     ტუროპერატორების განცხადებით, ივლისში საქართველოს ტურიზმის ბაზრის დივერსიფიკაცია მოხდა და რუსი ტურისტების ნაკადი სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა გადაფარეს. 

    „იცვლება სტუმრების მახასიათებლები და იცვლება ბაზრები საიდანაც შემოდიან საქართველოში. რუსეთის ბაზარზე მომხდარი ცვლილება აისახა რამდენიმე რეგიონზე. მაგრამ მაქსიმალუარდ ვცდილობთ ეს დანაკარგი ჩავანაცვლოთ სხვა ბაზრებიდან", - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი ქეთი მიქაშავიძე. 

    2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

     ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს, რაც წინა წელთან შედარებით +14.9%-იანი ზრდაა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/113317/saqartveloshi-ivlisshi-6it-meti-turisti-chamovida