111 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება


     2019 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5909 მილიონი ლარის მოცულობის სესხია გაცემული. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოება და ბანკები" ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4000-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 5713 მილიონიდან 5909 მილიონ ლარამდე.

     111400  ხელშეკრულებიდან 30900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 745.51 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი ნოემბრის მდგომარეობთ 15.88% შეადგინა.

     რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი ნოემბრის მონაცემებით 41600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.51%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1924.52  მილიონი ლარია.

     35200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2995.54 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1035.08 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.09%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, 1960.46 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.06%-ში.

     ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14.257  ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.55%-ში გაასესხეს.

     ასევე გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 72.643 მილიონი ლარია.

    ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.17%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

     წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2606 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.32%-დან 12%-მდეა შემცირებული.

     „საზოგადოება და ბანკების" აზრით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა  მოსალოდნელი იყო, რამდენადაც ეროვნული ბანკის განცხადებით, ის განაგრძობდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მანამ, სანამ ინფლაციაზე გაცვლითი კურსის წნეხი არ მოიხსნებოდა. მიუხედავად ბოლო პერიოდში ლარის გამყარებისა, გაცვლითი კურსის წნეხი ინფლაციაზე კვლავ რჩება და ნოემბრის ინფლაცია 7%-ია. (ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია).

     „მიუხედავად საგარეო ფაქტორების დადებითი დინამიკისა (გაზრდილია ექსპორტი,  საერთაშორისო გზავნილების მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ინვესტიციები), ლარის გაცვლითი კურსი ნოემბერში კვლავ გაუფასურებას განაგრძობდა, რაც უარყოფითი მოლოდინებით იყო განპირობებული. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პირობებში  მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ერთი მხრივ მცირედით გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა დადებითად აისახება გაცვლით კურსზე და ინფლაციის მაჩვენებელზე", - აცხადებენ „საზოგადოება და ბანკებში".

     საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/123395/111-atasze-met-momkhmarebels-repinansirebis-ganakvetze-mibmul-seskhebze-saprotsento-ganakveti-gaezrdeba