,,ვინ უფრო მეტ "ფარულ ჩანაწერს გამოამზეურებს", აქამდე დაეცა დღევანდელი ქართული "პოლიტიკა"!– კირვალიძე


     საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის არჩევნებამდე 1 კვირა დარჩა და ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება უწევს პოლიტიკურ-ზნეობრივი, სოციალ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში! 

     დიახ, ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრია ("პარტიული ელიტა") რადიკალურად შესაცვლელი, რადგანაც ისინი ცალ-ცალკე ვერანაირ ოპონირებას ვერ უწევენ "ქ/ოცნების" და "ნაცმოძის" გაბატონებულ, "უალტერნატივო" მდგომარეობას! არადა,  მხოლოდ ქოცების და ნაცების 14 წლიანი  უწყვეტი მმართველობა, საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტებში და ქვეყნის მთავრობებში, საქართველოს და ქართველ ხალხს საბოლოოდ დაღუპავს! ქოც-ნაცთა ჩამოცილება ხელისუფლებიდან, კანონიერად შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი, სამართლიანი საარჩევნო კანონის (კოდექსი) და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიები) შესახებ", ახალი კანონების მიღების შემთხვევაში!

    დიახაც, ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა დალპა, იგი არ და ვერ შეიცვლება ე.წ.  "ფარული ჩანაწერებით"! ვინ უფრო მეტ "ფარულ ჩანაწერს გამოამზეურებს", აქამდე დაეცა დღევანდელი ქართული "პოლიტიკა"! ვიმეორებ, არსებული, ორ პარტიაზე (ქოცი, ნაცი) მორგებული პოლიტიკური სისტემა უნდა დაინგრეს! 

     სწორედ ამ სისტემის "დამსახურებაა", რომ ქვეყანაში იზრდება ნაპრალი მდიდართა(10%) და ღარიბთა(70%) შორის! საშუალო ფენა 20%-ია, რომელსაც უფრო გაღარიბებისკენ აქვს ტენდენცია, ვიდრე გამდიდრებისკენ, ანუ "სოციალისტური რევოლუციისაკენ" მივაქანებთ ქვეყანას?!

     ლიბერალური-დემოკრატიის მანტიაში გახვეული, ანტიეროვნული პოლიტიკური ძალების პარპაში თუ არ დასრულდა, მაშინ იმედგაცრუებული ხალხი ქართველ "პინოჩეტს" მოძებნის, ვინაიდან, უკვე შეუძლებელია ამდენი უსამართლობის და გაჭირვების ატანა, რაც საქართველოში ხდება!
ე.წ. ეროვნულად და პატრიოტულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს მინდა ვკითხო, - როგორ გიყვართ საკუთარი თავი და როგორ გძულთ სამშობლო, რომ არ და ვერ ერთიანდებით ქოც-ნაცების, მოძალებული ულტრალიბერალური ძალების წინააღმდეგ?! შეგირცხვეთ, ქართველობა!..
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა, ქოცების და ნაცების პოლიტიკის "გამპრავებლებზეც"... ქოცების შემთხვევაში, იმდენად ბევრი მსურველია "ლეღვის ფოთლობის", რომ "გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად", ბიძინა ივანიშვილმა თავის დენდროლოგიურ პარკში, - ლეღვის ნერგების განაშენიანება დაიწყო!

     ნაცების შემთხვევაში კი, სამედიცინო სფეროში ვიჭრებით, რადგანაც ნაქართველარი, ნაუკრაინელი და დღეს ჰოლანდიაში პოლიტიკურ ბომჟად ქცეული სააკაშვილის "ფანობის ახსნა", მხოლოდ სერტიფიცირებულ-კვალიფიცირებულ, მაღალი დონის ფსიქიატრს თუ შეუძლია! სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, რომ  ნასააკაშვილისეულ ვაშაძე-ბაქრაძეს არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვთ! იურისტი უსუფაშვილის გაპრეზიდენტების "მთავარი პრობლემა", მისი მეუღლე, იურისტი თინა ხიდაშელია, რომლის "პირველ ლედობას" ამომრჩეველის 95% არ დაუშვებს!

     ნომერი პირველი პოპულისტ-ლეიბორისტის შანსებზე კი, ლაპარაკიც არ ღირს! "სალომე"? "ლომები", სხვა აზრისა არიან!.. მოკლედ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების პოლიტიკური და სხვა"ბექგრაუნდის" გათვალისწინებით, ქართველი ამომრჩეველი დაბნეულია და არ იცის, რა ქნას, როგორ მოიქცეს, ვის მისცეს ხმა?! ქართული ანდაზა, - "ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე", - საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ზუსტად შეესაბამება!

     ჩემი, ხუმრობანარევი რჩევა-რეკომენდაცია...
ა) ნაც-ვაშაძე, ვავა! 
ბ) ევრონაც-ბაქრაძე, ვაი! 
გ) უსუფაშვილი-ხიდაშელისა, ვუი! 
დ) ნათელას-შვილი, ვოი! 
ე) ბიძინას სალომე, - ო'ლალააა!
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно