ნავთობის ბაზარს ყველაზე მეტად ტრამპის გავლენის ეშინია - CNBC


     ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების კარტელის, OPEC-ს წევრები კლუბის არაწევრ ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფოებთან ერთად, ხვალ ავსტრიის დედაქალაქში ნავთობის ფასის შემცირების ტენდენციასა და მომავალ წელს ნავთობის მოპოვების პოლიტიკის განსაზღვრაზე იმსჯელებენ. დარგის ექსპერტებისა და საერთაშორისო მიმომხილველების ვარაუდით, ეს კარტელის ისტორიაში ყველაზე პოლიტიზებული შეხვედრა იქნება, რადგან მიუხედავად ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნისა, ენერგოსექტორს ყველაზე მეტად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გავლენა აშინებს.

     როგორც ტელეკომპანია CNBC-ს ენერგოსექტორის ანალიტიკოსებმა განუცხადეს, ნავთობის ბაზარი მეტისმეტად შეშფოთებულია იმ გავლენის გამო, რაც პრეზიდენტ ტრამპს ზოგიერთ უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანაზე აქვს. ვენაში დაგეგმილ შეხვედრაზე ნავთობის მწარმოებლები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე აპირებენ შეთანხმებას, რადგან სახეზეა ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა. ოქტომბრის თვეში მიღწეული პიკის შემდეგ, ნავთობის ფასი დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად 28 პროცენტითაა დაცემული, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.

    მიუხედავად ამისა, ენერგობაზრის მიმომხილველები თვლიან, რომ ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს ვენის შეხვედრაზე მოპოვების შემცირების საკითხზე კონსესუსის მიღწევა გაუჭირდებათ.

    „ჩემი აზრით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოპეკის შეხვედრა ასეთი პოლიტიზებულია. წარმოდგენა არ გვაქვს, ისინი [კარტელი] როგორ აპირებენ ამის თაობაზე მესიჯების გამოშვებას… იმის გათვალისწინებთ, რომ [ნავთობის] ბაზარი ძალიან მყიფეა, მისი ყველაზე დიდი საფიქრალი ის კი არ არის, თუ როგორ ესმის ოპეკს ფუნდამენტური ფაქტორები, არამედ ის, რომ ოპეკის პოლიტიკას ტრამპი აკონტროლებს", – განუცხადა CNBC-ს ამრიტა სენმა, ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანიის Energy Aspects-ის ნავთობის განყოფილების უფროსმა ანალიტიკოსმა.

     ბაზარზე ჭარბი მიწოდება რომ შეარბილონ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები მოპოვების სასწრაფოდ შემცირებას აპირებენ და უკვე გააკეთეს მინიშნება, რომ დღიური წარმოების შემცირების მარჟა მილიონსა და 1.4 მილიონ ბარელს შორის დაფიქსირდება. თუმცა, როგორც ამერიკულ გამოცემა The Wall Street Journal-ს სანდო წყარომ განუცხადა, ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები ამ მონაცემების გამჟღავნებას ერიდებიან. ამის ძირითად მიზეზად წყარო ოპეკის დე ფაქტო ლიდერ საუდის არაბეთზე ტრამპის გავლენას ასახელებს.

     როგორც ცნობილია, ამერიკული გამოცემის, Washington Post-ის არაბული წარმოშობის ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში, რომელიც ოქტომბერში გაუჩინარდა, ვაშინგტონი საუდის არაბეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამის გამო აქამდე მოკავშირეებად ცნობილ საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამ საკითხის მიმართ აშშ-ის სენატის მკაცრი დამოკიდებულების მიუხედავად, ტრამპი მოკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს, თუმცა ერთგულების სანაცვლოდ ერ-რიადისაგან მოითხოვს, ნავთობის ფასი არ გაიზარდოს.

     წარმოების შემცირების სურვილს არც რუსეთი ამჟღავნებს. მოსკოვმა უკვე მიანიშნა, რომ ოპეკმა კურსი 180 გრადუსით არ უნდა შეცვალოს. ვენის შეხვედრამდე სამი დღის ადრე კი ოპეკის წევრმა ყატარმა მომავალი წლიდან კარტელის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილია, 2017 წლის ივნისში საუდის არაბეთმა და კიდევ სამმა არაბულმა სახელმწიფომ ყატარს ტერორიზმის მხარდაჭერასა და რეგიონის მეტოქესთან, ირანთან კავშირში დასდეს ბრალი და ბოიკოტი გამოუცხადეს. ყატარი ​ბრალდებას უარყოფს და კარტელის დატოვებას ბოიკოტს არ უკავშირებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/cnbc-navtobis-bazars-yvelaze-metad-trampis-gavlenis-eshinia/